გიორგი კახიანი:  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო

გიორგი კახიანი: ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრების გახსნის საკითხი საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას.

”ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და ეს ჩვენ დღის წესრიგში არ დგას. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ალბათ თავად განმარტავს საკითხს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. ამის შესახებ სებასტიან კურცმა bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.