იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუს, სადაც ადვოკატმა აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.
ჟურნალისტის მტკიცებით, ამოღებულ იარაღთან კავშირი არ აქვს.
”ძველით ახალ წელს ვიყავი შარდენის 12-ში, 15 კაცთან ერთად, ძალიან კარგი დრო გავატარე. იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, არც შეხება მქონია. რამიშვილი რას ამბობს, არ ვიცი. ამ თემასთან დაკავშირებით მე არ დავკითხულვარ. რას ნიშნავს, რომ იარაღი მე მეკუთვნოდა? რითი მტკიცდება, რომ მე მეკუთვნოდა, ჩემზეა გაფორმებული იარაღი? არანაირი კავშირი არ მაქვს იარაღთან. შეუძლებელია, როგორ შეიძლება 34 წელი ცხოვრებდე, ამდენი წელი ჟურნალისტიკაში იყო და უცებ, ამ ასაკში დადგე და მამაოს იარაღი მიაბარო, ხომ არსებობს რაღაც ლოგიკა? შეუძლებელია ასეთი რაღაც”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ დეკანოზმა, ჩვენების მიცემისას, იარაღის ნაწილში წაყენებულ ბრალზეც ისაუბრა.
”ის იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო. სწორედ ეს იარაღი ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან. პროკურატურას ნამუსი რომ ჰქონდეს, ცრუ დასმენისთვის ირაკლი მამალაძეს უნდა აგებინოს პასუხი, ამის ნაცვლად ის დაცვით დადის დღეს და უტიფრად გაიძახის, პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდაო”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.