ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების საშუალება არ აქვს. შარაშენიძე ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მსგავ თემაზე მსჯელობა არათუ საქართველოს მთავრობაში, არამედ ევროკავშირშიც კი არ მიმდინარეობას.
”მე მგონია, რომ ეს იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება, რასაც საქართველოში შეგნებული პროვოკაციის მიზნით მოჰყვა პანიკა, ზოგი გულწრფელად შეწუხდა. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ არათუ საქართველოს მთავრობაში, არამედ ეს საკითხი ევროკავშირშიც არ განიხილება. ეს შესაძლებლობა რატომ უნდა განვიხილოთ? ჩვენი გაჭირვება გვყოფნის და სად გვაქვს მაგის თავი. გერმანიას გაუჭირდა და ჩვენ მაგის საშუალება სად გვაქვს? ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ზოგიერთი პანიკას შეგნებულად თესავს, ”ნახეთ ევროპა რას გვიკეთებსო” - პოზიციას ამყარებენ. რუსული პროპაგანდის მანქანები ჩაირთო უკვე. ვფიქრობ, ერთმა კაცმა თქვა, ეს იყო და ეს. ავსტრია რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყოს, მაშინ კიდევ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი, მაგრამ ერთმა კაცმა გამოთქვა მოსაზრება და დამთავრდა”, - განაცხადა შარაშენიძემ.
ექსპერტი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამდე საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციები გამართულიყო, მითუმეტეს, რომ კურცი რამდენიმე კვირის წინ ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა.
”არ მგონია, რომ კვირიკაშვილი, რომელიც შეზღუდულია გადაწყვეტილებების მიღებაში, მსგავს რამეს შეპირებოდა. ვერ ვიტყვი ვიზიტი უბრალოდ დამთხვევა იყო თუ არა განცხადების, მაგრამ თუ ვიღაცამ ამ თემაზე რაიმე შემთხვევით თქვა, დარწმუნებული ვარ ინანა კიდეც”, - აღნიშნა შარაშენიძემ.
სებასტიან კურცი საქართველოში 3 თებერვალს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
გუშინ, გამოცემა bild-თან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.