”რუსთავი 2” - ის ადვოკატები სტრასბურგში დღეს აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადააგზავნიან.
როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები, ასევე ტელეკომპანიის იურისტების პოზიცია იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
”სტრასბურგის სასამართლოს ვუგზავნით განახლებულ ინფორმაციას ბოლო მოვლენების შესახებ, რომელიც მოხდა ამ დღეებში. განახლებულ დოკუმენტაციაში იგულისხმება, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მოხვდა ”რუსთავი 2”-ის საქმე, ასევე არის წარმოდგენლი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები თუ რა მნიშვნელობისაა ”რუსთავი 2”-ის საქმე და რატომ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა. ასევე წარდგენილი იქნება დამატებით ინფორმაცია ჩვენი პოზიციების გასამაყარებლად, რატომ ვთვლით, რომ უნდა გახანგრძლივდეს დროებითი ღონისძიება და არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სანამ სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა ”რუსთავი2”-თან საუბარში.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.