თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაკავებული გაზეთ Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუჯელი „გერმანიის შპიონია“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენელი“, ხოლო გერმანიის ხელისუფლებას ბრალი დასდო თურქეთში ტერორიზმისთვის ხელის შეწყობაში.
„მათ სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ ტერორისტების მხარდაჭერისთვის და თავშესაფრის მიცემისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ დენიზ იუჯელი ერთი თვე გერმანიის საკონსულოში იმალებოდა.
სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მის მინისტრებს საშუალებას არ აძლევენ სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ქალაქებში, აკრძალულ ქურთულ ორგანიზაციებს გერმანიაში საჯარო განცხადებებისთვის სივრცეს აძლევენ.
„მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს სურდა გერმანიაში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების არსი აეხსნათ. პასუხად უარი მივიღეთ იმის საფუძველზე, რომ შენობასთან პარკირებისთვის საკმარისი ადგილი არ არის“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.