სასამართლო პროცესები დამთავრდება და კომპანია გადმომეცემა მე, ჩემს კუთვნილ წილებს გავუნაწილებ აქიმიძეს და დვალს, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც ხალვაშმა განმარტა, შეთანხმება 50-50%-ზე მისაღებია მისთვის, თუ დანარჩენი პირობებიც შესრულდება.
”ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ როდესაც სასამართლო პროცესები დამთავრდება და კომპანია გადმომეცემა მე, ჩემს კუთვნილ წილებს გავუნაწილებ აქიმიძეს. 50%-50% მისაღებია დანარჩენი პირობების შესრულების შემთხვევაში. გარკვეულია ყველა დეტალი. დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებულია, დირექტორი გახდება“, - განაცხადა ხალვაშმა.
მისივე თქმით, მას გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ მეწილეები არ გაყიდიან თავიანთ წილს.
”მე მჭირდება გარანტიები, რომ ამ ტელევიზიას არ მიყიდი ვიღაცას და არ გამდიდრდები. მე არ დამტოვებ ვიღაცასთან პირისპირ. ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელიც გმირად დაიბადა. მე არ ვთვლი, რომ საქართველოს გმირი ვარ, არ ვთვლი, რომ ვიღაცეები ჩემზე უფრო დიდი გმირები არიან. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველას აქვს გარკვეული ინტერესი კომპანიაში. ზოგს უნდა წარმოაჩინოს თავი იდეალისტად, ზოგს პრაქტიკულად. მე არ გამომდის, ჩემი თავის წარმოჩენა სხვანაირად, ბიზნესმენი ვარ და ბიზნესით ვუყურებ ამ საქმეს”, - განაცხადა ხალვაშმა.
იგი ასევე გამოეხმაურა დავით დვალის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დვალი ცენზორად არ მივა ტელევიზიაში.
”თუ ჩვენ გვინდა, რომ კომპანია იყოს მომგებიანი, ცენზურა არ უნდა იყოს. რადგან თუ გინდა შენი პროდუქტი კარგად გაყიდო, ამას სჭირდება მაყურებელი. მაყურებელს მოსწონს კრიტიკული აზრი. ”რუსთავი 2” ახლა კრიტიკული არაა, ესაა პარტიული. კრიტიკულმა უნდა აკრიტიკო ყველაფერი რაც არ მოგწონს”, - განაცხადა ხალვაშმა.