უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი „რუსთავი 2“–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსგან მეტი სიმართლის გარკვევას ელოდება. ამ თემას პარლამენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მტყუან-მართალი კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამას ხელს, ნაცმოძის ვა-ბანკი შეუწყობს. მათ ხომ სტრასბურგის სასამართლოს მიწერეს, თუ აღსრულებას არ შეაჩერებთ: თბილისის ქუჩებში ქაოსი ატყდებაო და მსგავსი არგუმენტები. მორიგე მოსამართლემაც უფრო ვერ გარისკა, ვიდრე გარისკა! სტრასბურგში ცრემლით დასველებულ, გაგზავნილ ეპისტოლეზე, ციცერონის გამონათქვამი გამახსენდა : Epistola non erubescit (წერილი არ წითლდება)“, – წერს ჩრდილელი ფეისბუქის გვერდზე.
„სოც-ქსელში ევროსკეპტიკოსებიც ძალიან გააქტიურდნენ... ერთი კითხვა იმ ხალხს, ვინც ნაცმოძის არგუმენტებს იზიარებს: თქვენი ,,საუკეთესო და მოსაწონი ვერსიით,, რა უნდა ექნა ხელისუფლებას: დაერეკა მოსამართლეებისთვის და რუსთავი-2 ნაცებს დაუტოვეო თუ ხალვაში დაებარებინა - სარჩელი გამოიტანეო?! ეგებ მიპასუხოთ: ისეთი ტერორი და ზეწოლა-ქვედა დინებებია ქვეყანაში, ცხრავე მოსამართლეს ჩამოუარეთ და შეაშინეთ ან ყველანი ერთად მოისყიდეთო. მაშინ ეს (მორიგი) უტიფარი პასუხია და რამდენი კაცი დაიჯერებს, ერთად დავთვალოთ. ოღონდ არა-რუსთავი2-ის კალკულაციით...“, – აცხადებს ოთარ ჩრდილელი.
ევროსასამართლომ გუშინ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
"რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნა. "რუსთავი 2"-ის იურისტები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოსგან ითხოვდნენ, რომ მას შეეჩერებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნებოდა სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არსებითად განხილული.
უზენასმა სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს "პანორამა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.