ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად და მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროპისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ,,რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.
,,პირველ რიგში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად და მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროპისთვის, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს ხელისუფლებამ, მთავრობამ, რადგან, ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს კარგად აქვს უკვე გააზრებული. ამავდროულად, პრეზიდენტის განცხადებაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებულიყო ,,რუსთავი 2”-ში არსებული სტატუს კვო, არსებული მენეჯმენტი. გუშინ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად ერთი ერთში გაიმეორა იგივე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა იქნას შენარჩუნებული არსებული სტატუს კვო და მენეჯმენტი. ცხადია, თავიდან უნდა ავირიდოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია”, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, “ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ წითელი ხაზების გადაკვეთასთან, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობასთან, დემოკრატიულობასთან და ევროპულ არჩევანთან”.
,,გუშინ ნათლად მივიღეთ მესიჯი ევროპისგან, საერთაშორისო პარტნიორებიდან, რომ ისინი ამ ყველაფერს უფრთხილდებიან, მათთვის საქართველო მნიშვნელოვანია. ახლა საქართველო უნდა დაფიქრდეს ძალიან კარგად, საქართველომ უნდა გაიაზროს ძალიან კარგად, რამდენად შეასრულებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანს”, - განაცხადა აბაშიშვილმა.