პრეზიდენტს ძალიან ბევრი უფლებამოსილება რჩება, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს, გარანტს და არბიტრს

პრეზიდენტს ძალიან ბევრი უფლებამოსილება რჩება, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს, გარანტს და არბიტრს

პრეზიდენტს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება. მას აქვს უზარმაზარი ვალდებულება აცილებულ იქნას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისები იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს შოკური ვითარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. 

კობა ნარჩემაშვილის თქმით, არ კნინდება პრეზიდენტის, როგორც არბიტრის, კონსტიტუციური როლი.

”საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ აპრიორი ვთანხმდებით, რომ გვაქვს და უნდა გვქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა და გვექნება. შესაბამისად, უნდა გვქონდეს სხვაგვარად მოწყობილი მმართველობის სისტემა, რაც გულისხმობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც ერთი ხელისუფლების ნაწილი; ის უნდა იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და ეს ყველაფერი პროპორციული უნდა იყოს იმ კონსტიტუციურ უფლებებთან, რომელიც მას აქვს. 
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური როლი, როგორც არბიტრის, არ კნინდება. არ კნინდება ასევე მთავარსარდლის ფუნქციები. ის აცხადებს საომარ მდგომარეობას, ამის შემდეგ უშუალოდ სამხედრო მოქმედებების კომპეტენცია გადადის თავდაცვის მინისტრის მოვალეობაში, ხოლო სამხედრო თავდაცვის ორგანიზება უნდა იყოს იმ პირის კომპეტენციაში, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია ყველაფერზე და ვისაც უშუალო კომუნიკაცია აქვს ყველა უწყებასთან. 

მე ძალიან გთხოვთ, ვიდრე შეფასებები გაკეთდება პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, დაკვირვებით წაიკითხეთ რაზეა საუბარი. პრეზიდენტს ძალიან ბევრი უფლებამოსილება რჩება, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს, გარანტს და როგორც არბიტრს. მას აქვს უზარმაზარი ვალდებულება - აცილებულ იქნას პოლიტიკური კრიზისები, დაძლეულ იქნას ისინი იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს შოკური ვითარება”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

”დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის უფლებამოსილებების „გამოშიგვნით“ გიორგი მარგველაშვილს ებრძვის. 

მისივე თქმით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს და უმრავლესობაც ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს.