ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობა უწოდა

ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობა უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა უწოდა“. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ იმ განცახდებას გამოეხმაურა, რომელიც თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

„პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასება და ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას. ჩვენ ყველამ ვიცით რა ტიპის განხილვა გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერდა პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სწორედ ეფუძნებოდა იმას, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო დაფუძნებული არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოზიციის თანახმად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ვფიქრობდით, რომ უნდა ჩატარებულიყო პირდაპირი წესით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავსულიყავით არაპირდაპირ არჩევნებზე. გარდა ამისა, რაც შეეხება სტატუსს, პრაქტიკულად, პრეზიდენტის სტატუსს ჩვენ არ ვეხებით. ამასთან დაკავშირებითაც პრაქტიკულად შეთანხმება მიღწეულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, აქაც პრაქტიკულად მინიმალურია ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. იმდენად არის შეზღუდული დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე, რომ სულ რომ ეს მიზანი გვქონდეს და გვაოძრავებდეს, დამატებით ვერანაირ არსებით ცვლილებას ვერ განახორციელებ პრეზიდენტის უფლებამოსლებების შეკვეცის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ის განცხადება, რომ თითქოს კომისიის ერთადერთი მიზანი არის ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის უფლებამოსილებების შეზღუდვა თუ რაიმე ამდაგვარი, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად აშკარა შეგნებული მცდელობა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს კომისიის დისკრედიტაციის შეგნებულ მცდელობასთან. არ შეიძლება საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში, არ შეიძლბა საზოგადოება ასეთი ფორმით მოვატყუოთ. სხვანაირი შეფასება ამ ყველაფერს არ შეიძლება მიეცეს“, - განაცხადა კობახიძემ.