აშშ-ს გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი არასწორს უწოდებს ინფორმაციას დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მისი რუსეთის ელჩთან კონტაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გამოცემა Washington Post-ის ცნობით კი, სეშნსი სენატორობის პერიოდში გასული წლის განმავლობაში ორჯერ ესაუბრა რუსეთის ელჩს აშშ-ში სერგეი კისლიაკს.
დემოკრატების ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსმა სეშნსის გადადგომა მოითხოვა. მისი თქმით, კონგრესში დაფიცებისას ჯეფ სეშნსიმ მოიტყუა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შემდეგ სეშნსი გამოვიდა განცხადებით, რომლის თანახმადაც, არასოდეს შეხვედრია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნების თემის განსახილველად. მანვე ამ ბრალდებებს სიცრუე უწოდა.
როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ არასრულ ინფორმაციას იძლეოდა მისი რუსეთის ელჩთან კონტაქტებზე.