რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანია, სად იქნება ამერიკა, იქნება თუ არა ის ლიდერი

რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანია, სად იქნება ამერიკა, იქნება თუ არა ის ლიდერი

რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის თავიდან აცილებაში, მნიშვნელოვანია სად იქნება ამერიკა, იქნება თუ არა ის ლიდერი, - ამის შესახებ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა ბენ ო’ლოგლინმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. რუსული პროპაგანდაზე სტატია ”ამერიკის ხმის” ქართულმა რედაქციამ მოამზადა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მკვლევარებმა და ანალიტიკოსებმა შეხვედრაზე კრემლის სტრატეგიაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი ამ ქმედებების წინააღდეგ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მომხსენებელთა თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისას არის დასავლეთის დესტაბილიზაცია, უთანხმოების გამოწვევა და დასავლური ლიბერალური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა.

”მას შემდეგ, რაც რუსეთის სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, კრემლის ერთ-ერთი მთავარი ხერხია გავლენის მოსაპოვებლად. მოსკოვი ამ ტაქტიკას მის სამეზობლოშიც, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში მიმართავს. ის მხარს უჭერს ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს და ორგანიზაციებს, ცდილობს ენერგო-რესურსების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის და ავრცელებს დეზინფორმაციას მისი დაფინანსებული მედიის მეშვეობით. კრემლი ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ დასავლეთი „გარყვნილია“, თავად კი „ტრადიციული მორალის დამცველი”, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ გავლენის გაძლიერების მიზნით, კრემლი იმ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობს, რომლებიც მოსკოვის დღის წესრიგის გასწვრივ მოქმედებენ ”და ისინი რუსეთს ბევრი არ უჯდება“, - ამბობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის მკვლევარი ალინა პოლიაკოვა.

„თუ დავაკვირდებით, მაშინ, როდესაც დემოკრატიული რეჟიმები თვლემენ, ავტორიტარული მთავრობები იყენებენ ამას როგორც უპირატესობას... დეზინფორმაცია ტერმინია, რომელიც ბევრ ელემენტს მოიცავს. ისინი ცდილობენ ნარატივის გავრცელებით, მედიის კონტროლით, არა მარტო მედიის დაფინანსებით და შექმნით (როგორიცაა „Russia Today” ანდა „სპუტნიკი“), არამედ სახელმწიფო მედიის მეშვეობით, ამასთანავე ინტერნეტ ტროლების, ბოტების და კვლევით ინსტიტუტებზე დაყრდნობით, რომლებიც სამეზობლოში და მის მიღმა, მათ შორის ამერიკაში ახერხებენ შეღწევას. ჯგუფები ერთმანეთთან ნაკლებ კავშირშია და ერთმანეთისგან განსხვავება, თუმცა ისინი კრემლის მიზნებისკენ მუშაობენ. იგივე გვხვდება თეირანისა და პეკინის შემთხვევაში“, - განაცხადა NED-ის ვიცე პრეზიდენტმა კვლევების და ანალიზის მიმართულებით კრისტოფერ ვოკერმა.

თავის მხრივ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორ ო’ლოგლინის თქმით, რუსული დეზინფორმაციის თავიდან აცილება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

„მნიშვნელოვანია სად იქნება ამერიკა, იქნება ის ლიდერი თუ არა. ეს ქმნის შესაძლებლობას რუსეთისთვის არსებულ ვაკუუმში შეეცადოს გავლენის მოპოვებას. რამდენხანს გაგრძელდება ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაირკვევა, თუ როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა პროფესორმა ბენ ო’ლოგლინმა.