ჯარჯი წიკლაური:   დეკანოზ გიორგი მამალაძის წყევლა შესაბამის ვიდეოჩანაწერშია დაფიქსირებული

ჯარჯი წიკლაური: დეკანოზ გიორგი მამალაძის წყევლა შესაბამის ვიდეოჩანაწერშია დაფიქსირებული

ე.წ. ”ციანიდის საქმის” პროკურორის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წყევლა შესაბამის ვიდეოჩანაწერშია დაფიქსირებული, რითაც საპროცესო მოქმედებების ოქმი ფიქსირდებოდა. ამის შესახებ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო ორგანო დეკანოზის დღევანდელი ქმედებიდან გამომდინარე სხვას ვერაფერს ვარაუდობს, გარდა იმისა, რომ ბრალდებული კრიტიკულ კითხვებზე პასუხსებს თავს არიდებს.

”მან საერთოდ უარი თქვა, მონაწილეობა მიიღოს დაკითხვის პროცესში. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი განცხადებები და დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით და არ გვინდოდა ბრალდებულის დაკითხვა, ეს რომ სიცრუეა, დღევანდელი დღითაც ნათლად გამოჩნდა. როდესაც დავაპირეთ მისი დაკითხვა, შემოგვითვალა ეს წყევლა, მათ შორის, ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, ჩვენების არ მიცემის ერთ-ერთ მიზეზად დეკანოზმა ასევე ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც დაასახელა. ”თუმცა, აქამდე, როცა ბრალდებული თანამშრომლობისთვის მზაობას გამოხატავდა, წინაპირობად არ აყენებდა ჯერ დაცვის ღონისძიების გამოყენებას და შემდეგ ჩვენების მიცემას. დღეს უკვე ეს გამოიყენა საბაბად ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის. ითხოვს უსაფრთხოების ზომებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამს თანხმობას თანამშრომლობისთვის. ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს უკვე. თუმცა ჩვენ ოფიციალურად განვიხილავთ მათ მოთხოვნას და ამ საკითხს შესაბამისად გადავწყვეტთ. თუმცა, ვინაიდან დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურები და, ზოგადად, ეს საკითხი არის სახელმწიფო საიდუმლოება, ჩვენ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.