ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის მიზნით პროკურორები მივიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის მიზნით პროკურორები მივიდნენ

შევხვდებით ბრალდებულს და გამოვკითხავთ დეტალებს მისი ოჯახის უსაფრთხოების საჭიროებაზე, - ამის შესახებ ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა # 9 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის განახლებას გეგმავს.

პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს მაინც ბრალდებული გასცემს იმ მნიშვნელოვან და კრიტიკულ კითხვებს პასუხს, რომელიც გამოძიებას გააჩნია.

“გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით, რომ გაგრძელდეს ეს საგამოძიებო მოქმედება. იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც ჩვენს მიერ დასმულ მნიშვნელოვან და კრიტიკულ კითხვებს ბრალდებული პასუხებს გასცემს. ჩვენ რა ინფორმაციაც გაგვაჩნია, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც არის ნორმაში და მას შეუძლია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

რაც შეეხება ბრალდებულის მოთხოვნას, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ საკითხზე თავად ბრალდებულს გაესაუბრებიან.

“შევხვდებით ბრალდებულს და გამოვკითხავთ დეტალებს ოჯახის უსაფრთხოების საჭიროებაზე”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მამა გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა, რომლის ინფორმაციითაც, დაკავებული დეკანოზი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას დღეს აღარ აპირებს და დარჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა მოხდება.

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა ორი დღის წინ დაიწყო, გუშინ უნდა განახლებულიყო, თუმცა დეკანოზის შეუძლოდ გახდომის მიზეზით აღნიშნული ვერ მოხერხდა.