იყო ბრალდება, რომ ჩვენ მამა გიორგი მივატოვეთ, ამიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ის ვანუგეშო და თქვენ დაგარწმუნოთ, რომ არ მიგვიტოვებია, - ამის შესახებ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა სასჯელაღსრულების #9 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ მამა გიორგი მამალაძის მონახულების. მისთვის ასევე ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, მღვდელმთავრების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებასთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, უახლოეს ხანში საშუალება ექნებათ სასულიერო პირებს მისი მონახულების. ეს ჩვენი პირველი მოვალეობაა, ჩვენი პირდაპირი და პირადად ჩემი მოვალეობაა, რომ მენახა მამა გიორგი. ღია ეთერში გაჟღერდა ასეთი ბრალდება, თითქოს, ჩვენ მამა გიორგი მივატოვეთ და აღარ გვახსოვს. ამიტომ მოვედი დღეს, რომ ვანუგეშო და თქვენ დაგარწმუნოთ, რომ მამა გიორგი არ მიგვიტოვებია და ჩვენ მის გვერდზე ვართ“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.