სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გარანტიების გაზრდის საკითხზე მსჯელობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შემოთავაზებული გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც იზრდება თვითმმართველობის გარანტიები. აქ ემატება სხვადასხვა საკითხები, როგორიცაა ფინანსური, იურიდიული, კომპლექტაციის უფლებამოსილებები და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს უნდა მიენიჭოთ უფლება, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ისინი ჩათვლიან, რომ თვითმმართველობის უფლებები იზღუდება“, - განაცხადა მენაბდემ.