ირაკლი კობახიძემ ბორჯომში საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე, ყოველწლიური შეხვედრა გახსნა

ირაკლი კობახიძემ ბორჯომში საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე, ყოველწლიური შეხვედრა გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, თემაზე „ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები“ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე, ყოველწლიური შეხვედრა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მნივნელობაზე და საარჩევნო პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლზე ისაუბრა.

„საქართველოში ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი, სამართლიანი და სწორად დაორგანიზებული. არჩევნები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული განვითარებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს განვითარების მიმართულებით ქვეყნაში მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა არსებობს გამოწვევები და საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

„საქართველომ საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების რთული გზა გაიარა თავისუფლების გამოცხადების შემდეგ და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ განვითარების, საარჩევნო გარემოს განვითარების ძალიან მაღალ დონეს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება გარემოს, ადმინისტრაციის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თქვენი გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა პარლამენტის თვამჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ სვეტლიკმა.

კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ტექნოლოგიები და არჩევნები - საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ინოვაციური სერვისები, ევროპული სტანდარტები საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ მართვა და ა.შ.

ღონისძიებაში 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, 11 საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ საელჩოს და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სამი კომპანიის ასამდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კონფერენციას საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით უწევს ორგანიზებას.