ადვოკატი პროკურატურას მოუწოდებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე „ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს“

ადვოკატი პროკურატურას მოუწოდებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე „ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურორების ბრალდებებს პასუხობს და მათ მოუწოდებს, რომ დღევანდელი ჩვენების საფუძველზე „პროკურატურამ ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს“.

როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, სიცრუეა პროკურორების განცხადება იმის თაობაზე, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის ხუთი მცდელობა იყო.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მისი გამოკითხვის შესაძლებლობას, როგორც ადვოკატმა განმარტა, ეს დაცვის ტაქტიკის ნაწილია და შესაძლოა, დეკანოზი მათ უკვე გამოკითხულიც ჰყავთ.

“ჩვენ შესაძლოა ნაწარმოებიც გვქონდეს გამოკითხვა, მაგრამ ეს არის მეორე საკითხი და არის დაცვის ტაქტიკა, თუ როგორ გავიმართლოთ თავი, პროკურატურის ამოსავალი წერტილი აქ ის კი არ უნდა იყოს, რომ მამა გიორგი მამალაძე დაისაჯოს, არამედ ჩვენ ჩვენების მიცემა იმიტომ გვინდა, რათა საქმეზე პროკურატურამ ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს. არ გვჭირდება მათი სწავლება, თუ როგორ დავიცვათ მამა გიორგი მამალაძე. აქ მთავარია მეორე საკითხი, რამდენადაა მათთვის მნიშვნელოვანი ჩვენი ინფორმაცია. რატომ წელავენ დაკითხვას და რატომ არ უნდათ ამ ინფორმაციის მიღება. იმედია, დღეის შემდეგ პროკურატურა შეეშვება საზოგადოებაში ნეგატიური აზრის შექმნას, ამ საქმეზე მიიღებს ინფორმაციას, დაჯდება და გამოიძიებს”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება მათ ვარაუდებს, რომ შესაძლოა დეკანოსზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელებულიყო, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ საფრთხეების რეალიზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში ბრალდებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

“ვიდრე პროკურორები დაკითხვას დაიწყებენ, ჩვენ გავესაუბრებით მამა გიორგის. იმედია, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მასზე შესაძლო ზეწოლაზე რა შიშებიც გვქონდა და რა საფრთხეებზეც ვსაუბრობდით, არ დამდგარა რეალობაში”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.