მეუფე დიმიტრი - თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - ეკლესიაში დაპირისპირების მიზანს ვერ მიაღწევს

მეუფე დიმიტრი - თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - ეკლესიაში დაპირისპირების მიზანს ვერ მიაღწევს

თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მეუფე დიმიტრის თქმით, ის ვერ იტყვის, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, როდესაც განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება საპატრიარქოში მეუფე დიმიტრის პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული. 

„ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია - ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში მძაფრ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევს და ვიდრე ბრალი არ დაუმტკიცდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა თუ ეს დამტკიცდა, მეუფის თქმით, მამალაძე მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა.

„კიდევ ვინ არის მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში გარეული, სასულიერო თუ საერო პირი, ლოდინის რეჟიმში ვარ - გამოძიების პასუხს ველოდები“, - დასძინა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მასთან დაახლოებული პირია, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მამალაძე ბათუმში მოძღვრად მართალია მან აკურთხა, თუმცა თბილისში დეკანოზი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

„არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.