ინფორმაცია, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მომაწოდა, საკმაო წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის მხრიდან გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა PalitraNews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, ასეთი არაერთი კონკრეტული ფაქტია, რაზეც დეკანოზმა მასთან ისაუბრა. როგორც ნანუაშვილი აცხადებს, დაკავებულის დაკითხვის პროცესი და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები დროულად უნდა წარიმართოს.
”მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რაც შეიძლება მალე დაიწყოს, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია და ყველაფრს მოეფინოს ნათელი. გასაგებია, რომ არის გამოძიება, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში რეალური და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს ”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მას არ ახსენდება არც ერთი ისეთი შემთხვევა, როცა სასულიერი პირს დაკავებულთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცა, როგორც ეს მეუფე პეტრესა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შემთხვევაში მოხდა.
”მიძნელდება გავიხსენო რაიმე მსგავსი პრეცედენტი. ეს უფრო მეტ კითხვის ნაშანს წარმოშობს”, - აცხადებს ომბუდსმენი.