პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმეზე - როგორც კი გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე მოიხსნება, მტკიცებულებები საჯარო გახდება

პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმეზე - როგორც კი გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე მოიხსნება, მტკიცებულებები საჯარო გახდება

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის არ საუბრობს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს. 

როგორც პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ და სხვა სახის დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს და მედიას შეუძლია დაეყრდნოს პროკურატურის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. 

”როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთდა განმარტებები, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ მასალებით და განმარტებებით, რომლებიც გააკეთა პროკურატურამ”, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა. 

მისივე თქმით, გარკვეულ დეტალებზე ღიად საუბარმა შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს. 

”როდესაც ასეთი საფრთხე აღარ იქნება, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. თუ როდის მოხდება ეს, ამის წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი აღარ იქნება აღნიშნული საფრთხე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, გააცნო თუ არა პროკურატურამ წმინდა სინოდის წარმომადგენლებს საქმეში არსებული მასალები, ტყეშელაშვილის თქმით, მას ეს ინფორმაცია არ გააჩნია. 

”აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია. როგორც გიპასუხეთ, ამ მტკიცებულებების გასაჯაროება და საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება მას შემდეგ, როდესაც აღარ იარსებებს გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე”, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. 
რაც შეეხება სხვა პირების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს, პროკურორის განცხადებით, „ეს არის საქმის დეტალები, რაზეც ვერ ისაუბრებს“.