საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას რიგგარეშე სხდომაზე მისასვლელად ვადას ოთხშაბათამდე აძლევს

საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას რიგგარეშე სხდომაზე მისასვლელად ვადას ოთხშაბათამდე აძლევს

ქალაქის მერ დავით ნარმანიას ოთხშაბათამდე აქვს ვადა, რათა საკრებულოში მობრძანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისის“ დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც მამუკა ახვლედიანმა განმარტა, ქალაქის მერი დავით ნარმანია აკეთებს უსინდისო, უტიფარ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს თბილისის საკრებულოს და არჩეული დეპუტატების მისამართით. 

ამასთან, მამუკა ახვლედიანის თქმით, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღის წესრიგში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის საკითხი დააყენეს და დავით ნარმანიას აუცილებლად მოუწევს აღნიშნულ სხდომაზე მოსვლა. 

”ნარმანია აკეთებს უსინდისო და უტიფარ განცხადებებს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებს თბილისის საკრებულოს არჩეულ დეპუტატებს და თბილისელებს. დავით ნარმანიას არ მოსვლა დღევანდელ სხდომაზე ნიშნავს, რომ მას არაფრად მიაჩნია თბილისის საკრებულო, ფიქრობს რომ ცა ქუდად აქვს და დედამიწა ქალამნად მორგებული, მაგრამ ასე არ გაგრძელდება და აგებს პასუხს. ჩვენ ნარმანია თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გვყავს მოწვეული და მას აუცილებლად მოუწევს მოსვლა და კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს არის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული და თუ ნარმანია კანონს დაარღვევს, ეს იქნება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას აქვს ოთხშაბათამდე ვადა, რათა საკრებულოში მობრძანდეს”, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

საკრებულოს ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას ითხოვდა, თუმცა თბილისის მერმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უმცირესობის პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას და შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე მისვლას არ აპირებდა. აღნიშნულის მიუხედავად, 
თბილისის საკრებულოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. 

სხდომაზე ოპოზიცია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის განკარგულების გაუქმების საკითხის განხილვას ითხოვს.