დავით ბაქრაძე - ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი პოლიტიკური მექანიზმი - არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტში მიმდინარე ფარსში

დავით ბაქრაძე - ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი პოლიტიკური მექანიზმი - არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტში მიმდინარე ფარსში

მათ უნდათ მიიღონ კანონი რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში ნებისმიერი ჩვენგანის უკანონო მოსმენები იქნება დაკანონებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც „ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. 

პარლამენტში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი „მონაწილეობას არ მიიღებენ იმ ფარსში“, რომელიც ახლა სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს. 

,,დღეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ხელისუფლების ნება და სამწუხაროდ, პარლამენტი გახლავთ ამ ნების უსიტყვო ამსრულებელი, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ფასად ქვეყანაში დააკანონოს უკანონობა. მათ უნდათ მიიღონ კანონი რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში ნებისმიერი ჩვენგანის უკანონო მოსმენები იქნება დაკანონებული პარლამენტის მიერ, რომელსაც ეწინააღმდეგება საქართველოში ყველა. მაგრამ ეს არის კანონი რომლის მიღება ქვეყანაში აინტერესებს ერთ ადამიანს. ჩვენ დღეს ვიხილეთ, რომ ერთი ადამიანის ნება უფრო მაღლა დგას ვიდრე საზოგადოების სურვილი და განწყობა საქართველოში. საქმე მივიდა იქამდეც კი, რომ პარლამენტმა უარი განაცხადა პროცედურის დაცვაზე და კითხვის დასმის უფლებაზეც. ასეთ პირობებში, ჩვენ ასეთ ფარსში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პარლამენტმა დღევანდელი გადაწყვეტილებით უარი თქვა თავის ფუნქციაზე, უარი თქვა კონტროლზე, საჯაროობაზე. უარი თქვა ელემენტარულ დისკუსიაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი პოლიტიკური მექანიზმი - დემოკრატიულად დავტოვოთ სხდომა და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ ფარსში, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.