საპარლამენტო უმცირესობამ პროცედურის ხელოვნურად გაჭიანურების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მე დამჭირდა რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
კობახიძემ განმარტება გააკეთა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონის განხილვა მეორე მოსმენით ხდება არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში. ინგლისური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ხორციელდებოდა ე.წ. ფილიბასტერინგი, რაც არის დროში ხელოვნურად გაწელვა პროცედურის. მე რამდენჯერმე ღიადაც და დახურულ რეჟიმში ვთხოვე უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელს უშლიდა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის საგნობრივ განხილვას. თქვენ ყველა ხედავდით, რა რეჟიმში წარიმართა განხილვა. უმრავლესობა პრაქტიკულად არ იყო ჩართული განხილვაში გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ საპარლამენტო უმცირესობამ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის და პროცედურის ხელოვნურად გახანგრძლივების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, იყო მათი პოლიტიკური არჩევანი. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება, თუ რეგლამენტის შესაბამისად იყენებენ თავიანთ უფლებებს პარლამენტის წევრები. მხოლოდ იქ, სადაც რეგლამენტს უხეშად არღვევდნენ დეპუტატები, იქ მიწევდა მე შესაბამისად რეაგირება, ცალკეულ შემთხვევაში მიკროფონის გამორთვა. ეს იყო მაქსიმალური რეაგირების მექანიზმი, რომელიც მე შემეძლო გამომეყენებინა და გამოვიყენე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. მე არაერთხელ გავაფრთხლე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ე.წ. ფილიბასტერინგი ხელს შეუშლიდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის საგნობრივად და სიღრმისეულად განხილვას. ეს არ გაითვალისწინეს და შედეგი არის ის, რაც დღეს მოხდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ თითოეული მუხლის და პუნქტის მიხედვით გაგვევლო როგორც ძირითადი, ისე სხვა კანონპროექტები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუროზე კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს „ფილიბასტერინგი“ ანუ კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ისინი ხელოვნურად გაწელავდნენ კანონპროექტის განხილვას, აქედან გამომდინარე, მე დამჭირდა რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება. ამ უფლებამოსილების გამოყენების მთავარი მიზანი იყო კანონპროექტის საგნობრივი და სიღრმისეული განხილვის უზრუნველყოფა. ეს იყო ერთადერთი საფუძველი იმ გადაწყვეტილების, რომელიც, მე მივიღე იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით იხილავს იმდაგვარი პროცედურით, რომ ძირითადი კანონის განხილვა ხდება არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით. ამასთან, დაგეგმილია სხვა დანარჩენი კანონპროექტების მუხლობრივი განხილვა. აღნიშნული პროცედურა პარლამენტს საკითხის წარმდგენმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ შესთავაზა. არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიცია მიმართავს პროცედურულ მეთოდებს და ამ გზით საკითხის დროში გაჭიანურებას ცდილობს.
აღნიშნულის საპროტესტოდ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.