”ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

”ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

”ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მეორე მოსმენით ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც პარტიის წევრმა, ოთხარ კახიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას.

”მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ამ განხილვების განმავლობში ყველანაირად შეგვიზღუდეთ აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, საბოლოოდ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ამ ინიციატივით, რომელიც ქალბატონმა ეკა ბესელიამ დააყენა, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ და ვტოვებთ სხდომას პროტესტის ნიშნად”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამ განცხადების შემდეგ ”ევროპული საქართველოს წევრებმა სხდომა დატოვეს.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათისა და ხმაურის მიზეზი გახდა.