პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, ე.წ.ფარული მოსმენების პაკეტში წარდგენილი რიგით პირველი კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს თავების მიხედვით, ხოლო დანარჩენი კანონპროექტები - მუხლობრივად.
ოპოზიციის გადაწყვეტილებით, მათ სხდომა დროებით კონსულტაციის მიზნით დატოვეს.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უმრავლესობის მიზანია გომელაურს მოსახლეობის მოსმენა გაუადვილონ.
,,ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება ფარსია. უმრავლესობის ერთადერთი მიზანია, რომ გომელაურს ჩვენი მოქალაქეების მოსმენა გაუადვილოს და კანონპროექტი ფორსირებულ რეჟიმში მიიღონ. იმის ნაცვლად, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მუხლობრივად განხილვის საშუალება მოგვცენ, ამის ნაცვლად უმრავლესობა ცდილობს, მუხლობრივი განხილვა გააუქმოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოს ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა. უმრავლესობას ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ჩვენ ვნახეთ რომ საზოგადოებას უმწვავესი პროტესტი აქვს ამ საკითხზე და ახლა გამოვედით საკონსულტაციოდ, თუ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ხელი შეუშალოს დღევანდელი უმრავლესობას არაკონსტიტუციური კანონის, ფორსირებულად მიღებაში“, -განაცხადა სამადაშვილმა.