„რუსთავი 2“-ის სოლიდარობის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ვარდების მოედანზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი აქტივისტები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთის წინ ორივე ოპოზიციური პარტიის ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრნენ. ისინი პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა, დღეს ისინი იცავენ არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს.
მისივე განმარტებით, დღეს ქუჩაში ყველა გამოსულია საკუთარი სინდისით “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად.
“დღეს ჩვენ არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის, არამედ მედიის ნებისმიერი წარმომადგენელს ვიცავთ. თუ “რუსთავი 2” დამარცხდა, მაშინ მთელ ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ “რუსთავი 2”-ს თუ მოერია ხელისუფლება, იგივე შეიძლება დაემუქროს სხვა მედიასაშუალებებსაც. ჩვენ არავის დავანებებთ ფეხქვეშ გათელოს ჩვენი უფლებები - “რუსთავი 2” ბოლო ბასტიონი დარჩა. “რუსთავი 2”-ს იცავს ყველა ადამიანი და აქციაზე გამოდის საკუთარი სინდისით. ის შავი ეკრანი, რომელსაც ადამიანი ხედავს, არის იმის ნიშანი, რომ ხვალ ჩვენ მართლა ინფორმაციაზე წვდომას დავკარგავთ. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი ჩამოსულია რაიონებიდან და საქართველოს თითოეული კუთხიდან და პარტიის თითოეული წევრი საკუთარი სურვილით და რწმენით დგას ჩვენს გვერდით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პარტიული კუთვნილება არ არის მთავარი”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, როგორც ”ინტერპრესნიუსთან ” საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დღეს საქართველოში არის გარდამტეხი პერიოდი და მნიშვნელოვანია არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
მისივე განმარტებით, დღევანდელი აქცია არა მხოლოდ ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერია, არამედ დღეს სოლიდარობას უცხადებენ იმ მოსამართლეებს, ”რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან”.
”დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კერძო ტელეკომპანიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებას. საქართველო არის გარდამტეხ პერიოდში და მნიშვნელოვანია არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიიასაშუალება, განსაკუთრებით მაშინ , როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ რა მოვლენები ვითარდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ზოგადად ქართულ მედიასივრცეში.
აქ პარტიულ კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება არ მოგწონდეს ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ რაც მთავარია, ის არის დამოუკიდებელი და აშუქებს ყველა მწვავე მოვლენას. ჩვენ ამავდროულად სოლიდარობას ვუცხადებთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან განიცდიან ზეწოლას და არიან წნეხის ქვეშ. მნიშვნელოვანია, აქ დადგეს რიგითი მოქალაქე და მახარი დავუჭიროთ სიტყვის თავისუფლებას და საქართველოში არ მოხდეს ის, რაც სურს ”ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს”,- განაცხადა უგულავამ.
აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც მონაწილეობენ.
ერთი მხრივ, ვარდების მოედნიდან, მეორე მხრივ კი მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის მიმართულებით დაწყებული მსვლელობა პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს რამდენიმე წუთში შეუერთდება.