ირმა ჭკადუა გიორგი გვიჩიანის საქმეზე: 20 თებერვალს ველოდებით გამამართლებელ განაჩენს

ირმა ჭკადუა გიორგი გვიჩიანის საქმეზე: 20 თებერვალს ველოდებით გამამართლებელ განაჩენს

20 თებერვალს ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს, - ამის შესახებ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ”ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, პროცესებზე წარდგენილი და გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია უდანაშაულოები არიან. 

”უკვე კვირაზე მეტია, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად გავიდა. ხვალ გადაწყდება, ჰქონდა თუ არა 11- წლიან ბრძოლას აზრი. გიორგი გვიჩიანი ან უნდა გაამართლონ ან ძალაში დატოვონ ის გამამტყუნებელი განაჩენი, რაც იყო. თუმცა პროცესებზე წარდგენილი და გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია არიან უდანაშაულოები. ჩვენ ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს”, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 


2006 წლის 15 აგვისტოს ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა. 

ამასთან, პროკურატურამ "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდადებულების განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. 

"ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდადებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით", - განაცხადა პროკურატურამ.

სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 11:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოშია ჩანიშნული.