თუ გაასაჯაროებენ რაიმე მტკიცებულებას, მოგვცენ საშუალება ვუპასუხოთ

თუ გაასაჯაროებენ რაიმე მტკიცებულებას, მოგვცენ საშუალება ვუპასუხოთ

თუ გაასაჯაროებენ რაიმე მტკიცებულებას, მოგვცენ საშუალება ვუპასუხოთ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რითაც პროკურატურასთან დადებულ გაუთქმელობის შეთანხმებას და საქმის დეტალების გასაჯაროებას გამოეხმაურა. 

ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ცალმხრივ რეჟიმში არ ისაუბრებს და დაცვის მხარეს პასუხის საშუალება ექნება. 

„ჩანაწერთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ იმედია, საქართველოს პროკურატურა არ გააკეთებს ისეთ რამეს, მაგალითად, როგორც პირველი ნაბიჯის დროს იყო, რომ გაასაჯაროოს რაიმე სახის მტკიცებულება, (რამდენად მტკიცებულებაა ეს მეორე საკითხია) ამაზე ისაუბროს ცალმხრივ რეჟიმში და არ გვქონდეს პასუხის უფლება. თუ გაასაჯაროებენ რაიმე მტკიცებულებას, მოგვცენ საშუალება ვუპასუხოთ. მამა გიორგი იბრძვის საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რისთვისაც სამართლებრივ ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს. მისი პოზიცია არის ის, რომ ემიჯნება პოლიტიკურ პროცესებს და სამართლებრივი კუთხით იბრძოლებს“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ადვოკატების შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.