მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა ნამდვილად არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც სურვილი აქვს „რუსთავი 2"- ს უყუროს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მიუნხენში განაცხადა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
„ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით პროცესები ვითარდება ძალიან პოზიტიურად. საქართველოში მედია თავისუფლება უზრუნველყოფილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად მშვიდად, ყველა ინსტიტუტის, ყველა პროცესის პატივისცემით მოახდინოს რეაგირება მიმდინარე ფაქტებზე. როგორც მოგეხსენებათ, „რუსთავი 2"-ის საქმე იხილება სასამართლოში და ჩვენ ყველა ერთად უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამისათვის აჟიოტაჟი, დესტაბილიზაციის მცდელობები თუ საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია“, - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა ნამდვილად არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც სურვილი აქვს „რუსთავი 2"- ს უყუროს.
„ჩვენ, საქართველოს მთავრობას ნამვილად გვაქვს ინტერესი იმისა, რომ „რუსთავი 2“ იყოს, გადმოსცემდეს და ემსახურებოდეს იმ ადამიანების ინტერესს, ვისაც „რუსთავი 2“-ის ყურება სურს“, - განაცხადა ჯანელიძემ.