საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია. მაიკ პენსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.