თურქეთის პოლიციამ გერმანული გაზეთის Die Welt-ის კორესპონდენტი დააკავა. მას ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის, მონაცემთა არაკანონიერი გამოყენებისა და ტერორიზმის პროპაგანდაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Die Welt-მა გაავრცელა.
გაზეთის ინფორმაციით, 43 წლის რეპორტიორი დენიზ იუსელი, რომელსაც გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ძებნილი იყო თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევების თემის გაშუქებასთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა იუწყება, 14 თებერვალს ის დაკითხეს სტამბოლის პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცავ ორგანოებმა ასევე ჩხრეკა ჩაატარეს ჟურნალისტის სახლში.
სააგენტო Associaed Press იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ საქმე განხილული იქნება „კანონის უზენაესობის შესაბამისად“.