ევროპარლამენტში საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი მექანიზმი იქმნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ევროპარლამენტარ ანა გომეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბაქრაძის თქმით, აღნიშნული მექანიზმი საქართველოს პარლამენტს საშუალებას მისცემს რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდეს ევროპარლამენტთან და ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური საკითხები. საუბარი შეეხება პოლიტიკურ საკითხებსაც.
როგორც ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ანა გომეში 2016 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა და მან ამ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების გამო საჭიროდ ჩათვალა, რომ აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდეს საქართველოსთან მიმართებაში.
”ეს იქნება მონიტორინგი არჩევნებთან მიმართებაში, დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათი ინტერესის საგანია არჩევნების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიება; გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების გამოძიება, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და, რა თქმა უნდა, ”რუსთავი 2”-ის საკითხი”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ანა გომეში უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.