ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები. ამის შესახებ კლინიკაში მოთავსებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.
ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, პაციენტი რჩება კლინიკაში და ყველა კვლევის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება.
"გრძელდება მკურნალობა და კვლევები იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. ჯერჯერობით რჩება კლინკაში, ტარდება კვლევები, რომელთა უმრავლესობაც მოითხოვს დროს, ზოგიერთი კვლევა 24 საათს საჭიროებს. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის თუ რა ფორმა სჭირდება შემდგომ. პაციენტი შემოვიდა სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით, თუმცა ამავე დროს ყურადღებას იპყრობდა ცხელება და ამიტომ ხდება კომპლექსური კვლევები. მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის ინფექციონისტი, ნევროლოგი და სხვა", - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.
ექიმი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომდევნო კომენტარს დღის ბოლოს, 21:00 საათზე გააკეთებს.