მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, რომელიც ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფება.
"3 წლის წინ ჰქონდა შემთხვევა, როცა გული გაუჩერდა მისი გადარჩენა შეძლეს ექიმებმა. მეორეჯერ, დიაგნოსტიკის ტესტირების დროს გაუჩერა გული და გაუკეთეს სტენდირება. ოპერაციის შემდეგადაც რამდენჯერმე იყო ისე, რომ რეანიმაციულ განყოფლებაში მოხვდა და ამ ემოციისა და სტრესული მდგომარეობის შემდეგ ისევ რომ საავადმყოფოშია, არ არის გასაკვირი. ჩვენ არ ვიცით დეტალები, მედიით ვიგებთ ყველაფერს, - აღნიშნა მარიამ ტარიელაძემ.
დეკანოზი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით შეიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.