მკვლელობის მომზადების პროცესი არის ასახული იმ ჩანაწერებში, რომელიც გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს, - ამის შესახებ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია ”იბერიას” ეთერში აღნიშნა, მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მამალაძე საუბარს ერიდება.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე პროკურატურისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ რეალურად მძიმე დანაშაული აღიკვეთა.
”საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტებიც, მტყუან-მართლის გარკვევის ნაცვლად, უნდა ითხოვდეს პროკურატურისგან მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას. ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერი, მერწმუნეთ, ძალიან მძიმე მოსასმენი და შოკისმომგვრელია, თუმცა ამით აღკვეთილია ძალიან მძიმე დანაშაული სამართალდამცველების მიერ. ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, მტკიცებულებებში. ეს მკვლელობა ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას. მაგრამ ამაზე გამოძიებამ საბოლოო ვერსია უნდა დადოს და გამოკვეთოს”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე თქმით, თუ ვის წინააღმდეგ მზადდებოდა დანაშაული, ამაზე გამოძიებამ და იმ ადამიანმა უნდა ისაუბროს, რომელიც ამ ბრალდებითაა დაკავებული. ”ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და იმ პირმა, ვინც ახლა დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ეუბნება საზოგადოებას. ამ ადამიანმა უნდა თქვას, რას აპირებდა, ვისთან მიჰქონდა აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება და ვის ლიკვიდაციას გეგმავდა. მაგრამ ცალსახად, კონტექსტი და შინაარსი ამ დანაშაულის დაგეგმვის, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ მკვლელობა მზადდებოდა პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის პირების წინააღმდეგ”, - განაცხადა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ.
ირაკლი მამალაძის თქმით, თავდაპირველად ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო პროკურატურაში ან რომელიმე საგამოძიებო უწყებაში წასვლის, თუმცა მას შემდეგ, რაც მძიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მან საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. როგორც მამალაძემ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხილება მისთვის მძიმე იყო, რადგან მასთან გარკვეული ნათესაური კავშირი აქვს.