თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” მამა შალვა კეკელიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერი იყო.
მამა შალვა კეკელიას თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სასულიერო პირები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
”ნამდვილად გიორგი მამალაძის მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა მისი უწმინდესობის მხრიდან. აქ უნდა გამოიკვეთოს ის, რომ პროკურატურამ ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა, რადგან თუ მამა გიორგი დამნაშავე არ არის, გამოდის, რომ ვიღაცამ ჩაუწყო ეს ყველაფერი. მაშინ უნდა გამომჟაღავნდეს ის, თუ ვინ დააბრალა მამა გიორგის ეს დანაშაული. მის უკან არის ოჯახი, შვილები, მეუღლე, ნათესავები... თუ ეს ყველაფერი ტყუილია, მაშინ რატომ დაჭირდა პროკურატურას ამ განცხადების გაკეთება?! ამ ყველაფერმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მირეკავენ სასულიერო პირები და მეუბნებიან, ქუჩაში გამოსვლა გვრცხვენიაო. ზოგჯერ ადამიანები ხუმრობით გვეუბნებიან, საწამლავი ხომ არ ჩაგვიყარეო. თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა”, - განაცხადა შალვა კეკელიამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ის დიდიხანია იცნობს დეკანოზ გიორგი მამალაძეს და დასძენს, რომ მასზე კარგის მეტი არაფერი სმენია და უნახავს. პატრიარქი, დეკანოზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უცნაურს და არანორმალურს უწოდებს. ”მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო.