დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ბაზარაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით არის შეყვანილი, მიმდინარეობს დაავადების აღმოფხვრის შესაბამისი ღონისძიებები. ბაზარაშვილის განცხადებითვე, პაციენტი კონტაქტურია და მასთან მხოლოდ ადვოკატების შეშვება მოხერხდა.
„პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12.00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას“, - განაცხადა ექიმმა, ზაზა ბაზარაშვილმა.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით კი, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა ბოლო 4 დღის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო.
„მამა გიორგის მდგომარეობა ბოლო 4 დღის განმავლობაში არ იყო დამაკმაყოფილებელი, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და წნევის ცვალებადობა. ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. თქვენი მეშვეობით მივმართავ მისი ოჯახის წევრებს, არ ინერვიულონ, მშვიდად იყვნენ, მამა გიორგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.