საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერენ.

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის სტატეგიულ ობიექტებთან და მასთან მიმართებით დადებულ კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ფორმირებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ასეთი ჯგუფი უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე იქმნება და მასში უმრავლესობით ოპოზიციონერი დეპუტატები არიან წარმოდგენილი.

თავის მხრივ, “ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა რუსულ კომპანია “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაცნობით არის მოტივირებული.

საკითხს კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ პროექტი რეგლამენტის ნორმებთან და პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიისა და ნდობის ჯგუფის ფუნქციების დუბლირებას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ინიციატივის ავტორმა, ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ სერგო რატიანმა გამოთქვა მზაობა, დათანხმდეს სხვა ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბებას და რეგლამენტში იმგვარი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც პარლამენტის წევრს შესაძლებლობას მისცემს, ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო მნიშვნელობის კომერციულ საიდუმლოებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.

საპარლამენტო ოპოზიციის მტკიცებით, დღეს პარლამენტის წევრებს ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალება არა აქვთ, რითაც ვერ ხერხდება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების - მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კონტროლის განხორციელება.

ამასთან, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოთხოვნა, “გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.