ადვოკატი:  მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა

ადვოკატი: მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა

მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ .#9 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

„მას კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემები. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურონალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხეადავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება პროკურატურაში შეტანილ მოთხოვნას, რომ დაცვის მხარეს მოეხსნას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულება, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ განცხადებაზე პროკურატურას პასუხი ჯერ არ გაუცია.

ამასთან, ადვოკატმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც გაუთქმელობის პირობაზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

„იმედია, უახლოეს პერიოდში შეზღუდვა მოგვეხსნება და შევძლებთ ისეთივე უფლება მოვიპოვოთ განცხადებების კეთების, როგორიც აქვს პროკურატურას“, - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა.