საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო. პრემიერმა სლოვაკეთს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 2017 წელს გაიმართება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ ვიზიტს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მაისში იგეგმება.
შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.