ყველას ვურჩევ, ნუ მოვახდენთ პატრიარქის განცხადების ინტერპრეტაციებს

ყველას ვურჩევ, ნუ მოვახდენთ პატრიარქის განცხადების ინტერპრეტაციებს

სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რაც უნდა გაკეთებულიყო, რათა შესაძლო დანაშაული ყოფილიყო აღკვეთილი, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ საქმეს.

კახიანის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არ გაკეთებულა.

“თავდაპირველად და შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ურთიერთგამომრიცხავი არაფერია. როცა საზღვარზე ხდება პირის დაკავება, რომელსაც აღმოაჩნდა მომწამლავი ნივთიერება და ყველასათვის ცნობილია, რომ ეს პირი მიემგზავრებოდა იქ, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა, ბუნებრივია, სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვალდებულია, რომ ყველანაირი საფრთხისგან დაიცვას თავი. ეს მოხდა და ეს გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „უცნაური და არანორმალური პროცესები მიმდინარეობს“, გიორგი კახიანი ყველას ურჩევს, „ნუ გავაკეთებთ ინტერპრეტაციებს“.

“ნებისმიერი ჩვენთაგანი ვწუხვართ იმ მოვლენების გამო, რომელიც ამ დღეების განმავლობაში განვითარდა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა ყველაფერი ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, რათა თეორიულად შესაძლო დანაშაულები ყოფილიყო აღკვეთილი. კარგია, რომ დღეს ყველანაირი საფრთხე არის აღმოფხვრილი“, - აღნიშნა კახიანმა.