სამწუხაროდ, მართლდება ვარაუდი, რაც ბევრმა, მათ შორის მეც, თავიდანვე გამოვთქვით - სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმა თავიდან კი არ ავიცილეთ, იგი დიდი მონდომებით განვახორციელეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
„ზიანი სახელმწიფოსთვის, ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის იქნება ხანგრძლივი და მრავალმხრივი, შესაძლოა, თავისი კომპლექსურობით, უპრეცედენტოც. ეს იმიტომ, რომ პროცესში ჩართულია უმაღლესი კატეგორიის მგრძნობიარე ფაქტორების იშვიათი ერთობლიობა: საწამლავი, მკვლელობის მცდელობა, პატრიარქის სიცოცხლე, კომპრომატებით ღია ომი სინოდში, შეუსრულებადი დავალებებით თავგზააბნეული პროკურატურა, ალყის კონტურები პრემიერ-მინისტრის გარშემო, შეურაცხყოფილი მრევლი, გაოგნებული მოსახლეობა, აჟიტირებული ყოფილი პრეზიდენტი, საეჭვოდ განაბული "უკრაინული ვიკილიქსი" და ა.შ. რამ მიგვიყვანა აქამდე? - უწესრიგობამ, არაკომპეტენტურობამ, ახლომხედველობამ და უსისტემობამ, რაც ნელ-ნელა პოლიტიკური ცხოვრების წესად დამკვიდრდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჩვენ გამოვიარეთ მიტინგებით მმართველობის წლები, იარაღით მმართველობის წლები, კორუფციით მმართველობის წლები, შიშით მმართველობის წლები. ახლა ვიმყოფებით ქაოსით მმართველობის წლებში, რომელიც უმართავი ქაოსით გვემუქრება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ძალაუფლება, გარდა იმისა, რომ უმძიმესი ტვირთია, სახიფათო იარაღიცაა, რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს არც ფსიქო-პოლიტიკურად მოუმწიფებელი და არც სოციალური ექსპერიმენტებით გატაცებული ადამიანების ხელში.
„ჩვენში კი სახელმწიფო ძალაუფლებას ხან ერთნი ფლობენ, ხან მეორენი და ხანაც ორივენი ერთად. ამიტომ არის, რომ სახელმწიფოს მმართველებისგან მუდამ ახალ-ახალ პრობლემებს ვიღებთ და არა იმ პრობლემების მოგვარებას, რომელსაც შეერკინებიან ხოლმე. ახლაც, შესაძლოა, მართლაც აღკვეთილი რაიმე დანაშაულის საზოგადოებრივად მავნე შედეგების მინიმალიზაციის ნაცვლად ხელისუფლებამ წარმატებით "მოახერხა" ამ შედეგების მაქსიმალიზაცია. გვეშველება? - გვეშველება, ოღონდ მაშინ, როდესაც ორსახოვნებისა და ფარისევლობის საბჭოურ ბაცილას მართლა შევებრძოლებით ჩვენშიც, სახელმწიფო მმართველობაშიც და ეკლესიაშიც. ეს ხომ რთულია? კი, რთულია... უფრო ადვილია "სახელმწიფოებრიობის მოდელირებული ქრონიკების" წარმოება და მშვიდად შევიქციოთ თავი ბოლოდროინდელი შედევრით!“, - განმარტა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.