სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ იმ საკითხებზე, რაც მთავრობის აღსასრულებელია და მის უფლებამოსილებებში გადის, შესაბამისი აქტიც მთავრობამ მოამზადოს.
მისივე თქმით, მისი ინიციატივა არ ითვალისწინებს პატიმართა შეწყალებისა და ვეტოს გამოყენების ნაწილში კონტრასიგანციის განხორციელებას.
“კონტრასიგნაციის შემთხვევაში, ამ აქტის შესრულებაზე მთავრობა არის პასუხისმგებელი და პრეზიდენტზე აღარ არის არანაირი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება. ყველაფერს მთავრობა აკეთებს და ის, რაც განსახორციელებელი იქნება შემდეგში მთავრობის მიერ, ხომ არ უნდა მიეცეს ამ აქტის მომზადებაში მონაწილეობის უფლება მთავრობას? - მაგალითად, მოამზადოს პროექტი, რაც შემდეგ მისი შესასრულებელი იქნება. არის ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც კრიტიკულად უნდა გადაიხედოს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი უფლებამოსილებაა, უმაღლესი სამხედრო წოდებების მინიჭება, რომელიც კონტრასიგნაციას არ ექვემდებარება და კონსტიტუციაში არც მთავრობის წარდგინება წერია. ნორმალურად მიგაჩნიათ საპარლამენტო რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრმა ტელევიზიით გაიგოს, რომ მის ერთ-ერთ პოლკოვნიკს გენერლის წოდება მიანიჭეს?! საკითხების გადახედვა ასეთი მიმართულებით მოვითხოვე“, - განაცხადა შარმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით არსებულ წესებსა და უფლებამოსილებებში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს. კონტრასიგნაციის ინსტიტუტის შეცვლასთან დაკავშირებული ინიციატივები, რომელიც კომისიას თენგიზ შარმანაშვილმა შესთავაზა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გუშინ განიხილეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღესაც გრძელდება.