ორი დღის წინ პროკურატურამ უტიფრად მოგვატყუა და ახლა ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ის რაც თქვეს, თურმე ის არ ყოფილა, რაც თქვეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.
რატიანი გამოეხმაურა საპატრიარქოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას და ე. წ. ციანიდის საქმეს. ასევე პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოძიების დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში პატრიარქი ნახსენები არ ყოფილა.
„ოთხი წლის განმავლობაში ვხედავ პროკურატურის მხრიდან ძალიან მძიმე დანაშაულებს და ძალიან მძიმე ცილისწამებებს. ბევრი საქმე არ არის გახსნილი. მე შეგახსენებთ რაფალიანცის, თათუხაშვილის და კიწმარიშვილის საქმეებს. ეს პირველ შემთხვევაში იყო ცილისწამება იმ ფონზე, როცა საქმე გამოძიებული არ იყო, მეორე შემთხვევაში ადამიანია გარდაცვლილი და მესამე შემთხვევაში გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ არაერთხელ მოგვითხოვია, რომ სამივე ამ საქმეზე შექმნილიყო საგამოძიებო ჯგუფი, თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან ხელისუფლება იცავს პროკურატურას, რომელსაც აღარავინ ენდობა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში უკვე პროკურატურა ყველა ზღვარს გადავიდა და მოსახლეობას უტიფრად ატყუებს.
„ორი დღის წინ მოგვატყუეს, ახლა ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ რაც ვთქვით, თურმე ის არ ყოფილა, რაც ვთქვითო. რაც არ არის მხოლოდ პროკურატურის საქმე, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება აცხადებს, მედიასაშუალებებში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.