ბევრს ვერ ან არ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის და საბრალდებო დასკვნის ენით, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას

ბევრს ვერ ან არ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის და საბრალდებო დასკვნის ენით, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას

პატრიარქი სხვა ენით, სხვა მესიჯით ლაპარაკობს – ის საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

„ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის და საბრალდებო დასკვნის ენით – ან ვერ წარმოუდგენია, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვოლსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „მოცემულობაა ის, რომ ადამიანი დაკავებულია გერმანიაში ციანიდის წაღების მცდელობაზე, სადაც ოპერაციას პატრიარქი იკეთებდა.

„ის, თუ რას ადასტურებს ეს მოცემულობა, ამას გამოძიება იტყვის. როდესაც დაკავებულია გერმანიაში ციანიდით მიმავალი ადამიანი და არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმისა, რომ რაღაც განზრახვა არ ჰქონდა, რასაკვირველია, შესაძლო უბედურებაზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი“, - ამბობს ვოლსკი.

მან აქვე დასძინა, რომ გამოძიებამ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე თავისი სიტყვა უნდა თქვას.

„მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინში, ერთ-ერთ კლინიკაში განაცხადა, სადაც მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - განაცხადა ილია მეორემ.