”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პრემიერ-მინისტრსა და პროკურატურას მოუწოდებს, მოსახლეობას ბოდიში მოუხადონ. ნიკა მელია პროკურატურის განმარტებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა.
”პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ”ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა, მთავარმა პროკურორმა განაცხადეს, რომ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის მიმართ არის აღკვეთილი მძიმე დანაშაული. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი აგზავნის სკუთარ, პირად მცველებს ბერლინში პატრიარქის დაცვის გასაძლიერებლად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველამ ვიფიქრეთ და დავრწმუნდით, რომ ეს საქმე ეხებოდა პატრიარქს.
დღეს, იგივე ხალხი, პრემიერ-მინისტრი, პროკურატურა და ”ქართული ოცნება” საუბრობს, რომ სასულიერო პირს თურმე არ ეხებოდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, პროკურატურამ, პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას. ამავე დროს, დეტალებში უნდა გააცნონ საქმის მასალები ამ ქვეყნის მოსახლეობას, ვინც დარწმუნებული იყო, რომ თურმე პატრიარქზე თავდასხმა მზადდებოდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ პატრიარქი არაფერ შუაში ყოფილა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს“ და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან“.