ხელისუფლების პირები პროკურატურის მხრიდან თავიდანვე შეცდომაში იყვნენ შეყვანილი

ხელისუფლების პირები პროკურატურის მხრიდან თავიდანვე შეცდომაში იყვნენ შეყვანილი

მეუფესთან შეხვედრის შემდეგ მამა გიორგი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, მხნედ არის და საბრძოლოდაა განწყობილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მამა გიორგის მიაჩნია, რომ ხელისუფლების პირები თავიდანვე შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი იმ უწყებების მხრიდან, მათ შორის პროკურატურის მხრიდან, ვინც ინფორმაცია თავიდან გაავრცელა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, ის კონკრეტულ საკითხებზე დღეს ვერ საუბრობს, თუმცა სასამართლოს მიმდინარეობისას უფრო ნათელი გახდება საქმის დეტალები.

"მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. მას იმედი აქვს, რომ ყინული, რაც დაიძრა ნაწილობრივ, იქნება სწორად აღქმული და ხელისუფლების ორგანოები ბოლომდე გაერკვევიან მის უდანაშაულობაში და პირველ დღეებში დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია იქნება აღმოფხვრილი. ის მიესალმება დღევანდელ პოზიტიურ განცხადებებს მის მიმართ და მიაჩნია, რომ თავიდანვე, რომ ასე ყოფილიყო და შეცდომაში არ ყოფილიყვნენ შეყვანილნი, უკეთესი იქნებოდა.

პირველ ბრიფინგზე, რაც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ვხედავთ, რომ ბევრ ტერმინთან და არგუმენტთან დაკავშირებით მათი პოზიციებიც იცვლება. რაც დრო გავა, ყინული უფრო მეტად დაიძრება მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არგუმენტები, რაც გაჟღერდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს თანდათან იკვეთება კიდეც", - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი ისევ ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას გამომდინარე იქიდან, რომ ამის საფუძველი აქვს. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რატომ ითხოვს დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას.