ჩანაწერში თანხაზე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები „რუსთავი 2“-ის ვალებზე

ჩანაწერში თანხაზე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები „რუსთავი 2“-ის ვალებზე

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირქტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ფულზე არ უსაუბრია.

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არა ნახევარ საათს, არამედ საათანხევარს მოიცავდა და იქ არა მხოლოდ გვარამია-ახვლედიანი, არამედ სამი პირის საუბარი იყო ასახული.

გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ მამუკა ახვლედიანს გადადგომის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.

”რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელზეც დღეს იყო საუბარი ერთი ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელსაც ალბათ შეეძლო რამისთვის მიეღწია პოლიტიკაში, მაგრამ ვგონებ გვიანია, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, როცა ის პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაპატიმრება მოითხოვა. მეგობრებო, ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული, ის მიმდინარეობს საათნახევარი და არის სამ პირს შორის. ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები ”რუსთავი 2”-ის ვალებზე. ეს ადამიანი არის ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე, რადგან ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, მესამე პირი, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაახლოებული, ჩანაწერში უამბობს გვარამიას, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ”რუსთავი 2”-ის გაგუდვას ვალების მეშვეობით.

”რაც შეეხება ბატონ მამუკა ახვლედიანს, რა ვუთხარი მე მას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი და ჩემს მიერვე არის ცნობილი. როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვენლოვან ინფორმაციას. ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ეს ჩანაწერი გაგვეკეთებინა. თუ მე ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს ფულზე, სად მივიღე შედეგი? რატომ არ გადადგა? პირიქით, ის უკანონოდ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის, რომ თავი აღიდგინოს. შესაბამისად, ქრთამის შემადგენლობა ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ექსპერტიზის სამსახურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მართალი არ არის.