დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მოგზაურობის გაადვილების საფუძველი გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თემის კომენტირებისას კარასინმა ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც მოგზაურობის დროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. კრასინმა რუსეთის მიერ სავზო რეჟიმის გაუქმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო.
”დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მოგზაურობის გაადვილების საფუძველი გახდება. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემაა გართულებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება. რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე უნდა ვიმუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს”, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების თარგმანს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის შემდეგი შეხვედრა 2 თვეში გაიმართება.